ბენზემა: “თუ საფრანგეთის ნაკრებში არ მიწვევთ, სხვა გუნდში თამაშის ნება მომეცით”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრეს უპასუხა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ბენზემა “მამლების” რიგებში აღარასდროს ითამაშებს.
“ნოელ, მე მეგონა, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილებებში არ ერეოდი! იცოდე, რომ მხოლოდ მე შემიძლია ჩემი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თუ ფიქრობ, რომ საერთაშორისო კარიერა დავასრულე, მაშინ დამრთეთ ნება, რომელიმე სხვა ნაკრებში ვითამაშო, რომლის რიგებში გამოსვლის უფლებაც მაქვს და შემდეგ ვნახოთ”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემასთვის საფრანგეთის ნაკრების კარი 2015 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 31 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დღემდე არ მიუწვევიათ.