ლაშა ტალახაძემ გერმანელ ჟურნალისტს უპასუხა
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც დოპინგს ეხება. ამ ფილმში გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა ლაშა ტალახაძის მიმართ ასეთი ბრალდება გააჟღერა – ქართველ ძალოსანს რიოს ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას დოპინგ ტესტი არ ჩაუტარდა. ასევე, ჟურნალისტის თქმით, ქართველ ძალოსანს დოპინგ-კონტროლი არასაშეჯიბრო პერიოდში 2013, 2014, 2015 არ გაუვლია.
გერმანელ ჟურნალისტს დოკუმენტებით უპასუხა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ, 19 იანვარს კი ამ საკითხზე კომენტარი თავად ლაშა ტალახაძემ გააკეთა.
“სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში ბოლომდე ჩახედული არ ვარ, რადგან ნამდვილად არ დამაინტერესა. ვიცი, რომ მსგავსი ფაქტი ბევრი იქნება ჩემი აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაშიც და კარიერის დასრულების შემდეგაც. მე და ჩემ მეგობრებს ბევრჯერ გვითქვამს ხუმრობით – სხვა ქვეყნის წარმომადგენელს რომ ამხელა წონები აეწია, შესაძლოა, მისკენ თითი ჩვენც გაგვეშვირა და გვეთქვა: “აი, ეს რაღაცას მაიმუნობსო”, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის.
დოკუმენტები ოფიციალურად მოვითხოვეთ და დოპინგ-კონტროლმა ჩვენი ჩაბარებული ყველა სინჯი გადმოგვიგზავნა. მე ისიც კარგად მახსოვს, როცა 2015 წელს დისკვალიფიკაციის ვადა გამდიოდა, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირიქით, იქით მისწერა, რომ ჩამოსულიყვნენ და შევემოწმებინე. სამი თვის განმავლობაში ორჯერ შემამოწმეს. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, იქაც შემამოწმეს. ახლაც, ხვალ და ზეგ დოპინგ-კონტროლი მიწევს”, – თქვა ტალახაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.