ზუსტად ერთი წელი რეიესის ტრაგიკული დაღუპვიდან – გამოძიების დასკვნა ცნობილია
ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის პირველ ივნისს ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დასრულდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გამოძიების ოფიციალური დასკვნაც გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, მომხდარ ფაქტში ერთადერთი დამნაშავე სწორედ რეიესია.
უბედური შემთხვევა ქალაქ უტრერას მახლობლად მოხდა. ავტომობილი, რომელსაც თავად რეიესი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი წაეკიდა. ფეხბურთელთან ერთად დაიღუპა მისი ბიძაშვილი ხონატან რეიესი, მეორე ბიძაშვილი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ავარიის მიზეზად საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა დასახელდა. კერძოდ, ავტომობილი თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ავარიების საგამოძიებო განყოფილების ექსპერტებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევის საბოლოო მიზეზები გამოაცხადა. ექსპერტების წინასწარი დასკვნები დადასტურდა – რეიესმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესები. კერძოდ, ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა სიჩქარეს. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დასაშვებია 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ესპანელმა სპორტსმენმა დაშვებულ ზღვარს 67 კმ/სთ-ით გადააჭარბა.
მანამდე ვრცელდებოდა ტრაგედიის გამომწვევი სხვა მიზეზი, რომლის მიხედვითაც, საბურავი გასკდა, რეიესმა სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ლითონის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც რამდენჯერმე გადატრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო საფარის მდგომარეობა იდეალური იყო, ეს ვერსია გამოძიების მიმდინარეობისას გამოირიცხა.
პროკურატურად დაასკვნა, რომ რეიესის ქმედება დანაშაულის ერთდროულად ორ მუხლს მოიცავს – დაუდევრობით ჩადენილი მკვლელობა და დაუდევრობით მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება. რეიესის დაღუპვის გამო პროკურატურამ სასამართლოს სისხლის სამართლის პროცესის დასრულების თხოვნით მიმართა. საქმის გამოძიების გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ერთადერთი ბრალდებული გარდაცვლილია.
ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხოსე ანტონიო რეიესმა უგულებელყო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები და უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ფეხბურთელი რომ გადარჩენილიყო, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევდა, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევაში ესპანელს ბრალი ოფიციალურად დაუმტკიცდა.
ხოსე ანტონიო რეიესი ცნობილია ისეთ დიდ ევროპულ გუნდებში თამაშით, როგორებიცაა მადრიდის “რეალი”, “სევილია”, “ატლეტიკო”, ლონდონის “არსენალი” და ლისაბონის “ბენფიკა”. მას კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოუგია, მათ შორის ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები (გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო), ხუთჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგის თასი (რეკორდია), ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რეიესს “სევილიას” კაპიტნის რანგში ნათამაშები აქვს თბილისშიც, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩში. იმ შეხვედრაში ესპანელმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა.