“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “თუ ჩემპიონთა ლიგა არ ჩამთავრდება, ჩემპიონად ჩვენ უნდა გამოგვაცხადონ”
მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამბობს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ვერ ჩამთავრდება, ტიტული მის კლუბს უნდა გადაეცეს, ვინაიდან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი შეჯიბრს სწორედ მადრიდელებმა გამოთიშეს.
“ვიცით, რომ უეფას დარჩენილი მატჩების ერთ კონკრეტულ ადგილას ჩატარება სურს. თავიდან საუბარი იყო პორტუგალიაზე, შემდეგ მადრიდზე. მგონია, რომ უეფას ხელმძღვანელობა ვირუსთან დაკავშირებით სიტუაციის განვითარებას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გადაწყვეტილა. ჰიპოთეტურად ვამბობ, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ჩამთავრება ვერ მოხერხდება, ტურნირის გამარჯვებულად “ატლეტიკო” უნდა დასახელდეს. სწორედ ჩვენ გამოვთიშეთ გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი”, – ციტირებს სერესოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ “ატლეტიკოს” კაპიტანმა კოკემაც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა კორონავირუსული პანდემიის გამო მარტის თვეში შეჩერდა. რვიდან ოთხი მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა ცნობილია (“პსჟ”, “ატლეტიკო”, “ატალანტა”, “ლაიფციგი”).
უეფა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების განახლებას აგვისტოს თვეში გეგმავს.