“ტოტენჰემი” ბეილს იბრუნებს. დელე ალი “რეალში”?
“ტოტენჰემ ჰოთსპურს” გარეტ ბეილის დაბრუნება სურს და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას უელსელი გარემარბის აგენტი ჯონათან ბარნეტი ადასტურებს.
“გარეტს “ტოტენჰემი” ისევ უყვარს. მოლაპარაკება მიმდინარეობს. სწორედ “ტოტენჰემში” ისურვებდა ბეილი კარიერის გაგრძელებას”, – ციტირებს ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს “ბიბისი”.
მადრიდის “რეალი” გარეტ ბეილს კვირაში 660 ათას ევროს უხდის, თუმცა ფეხბურთელი უმეტესწილად სათადარიგოთა სკამზე ზის.
ინგლისელებმა გარიგებაში შესაძლოა, დელე ალი ჩართონ, რომლის დამატებასაც ესპანელები დიდი ხანია ცდილობენ. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, ბეილი “ტოტენჰემში” ჯერ იჯარის წესით გადავა და მის ხელფასს კლუბები თანაბრად დაფარავენ, დელე ალი კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს და მის ჯამაგირს სრულად “რეალი” გადაიხდის.
მეორე ვარიანტის მიხედვით, კლუბები გარეტ ბეილსა და დელე ალის გაცვლიან და “რეალი” გარკვეულ თანხასაც დაამატებს.
შეგახსენებთ, რომ “სამეო კლუბმა” გარეტ ბეილი 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემისგან” 101 მილიონ ევროდ შეიძინა.
31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საკლუბო დონეზე ოცი მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.