რობენი ნაკრებში დაბრუნებას და ევრო-2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელიც დღესდღეობით “გრონინგენში” თამაშობს, ნაკრებში დაბრუნება და ევრო-2020-ზე თამაში არ გამორიცხა.
“ნაკრებში ვითამაშებდი. ეს სახალისო იქნებოდა, მაგრამ რეალისტი და კარგ ფორმაში მყოფი უნდა იყო, უნდა იცოდე, რომ შენი წვლილის შეტანა შეგიძლია. რაც არ უნდა იყოს, ნიდერლანდების ნაკრები არის ნაბიჯი წინ. ევრო-2020-ზე თამაში ჩემი ყველაზე გაბედული ოცნებაა, მაგრამ ყურადღებით მისმინეთ, უკვე ვხედავ ხვალინდელ სათაურებს. დღეს არ ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში მინდა, მაგრამ თუ მთავარი მწვრთნელი გამომიძახებს, დავთანხმდები”, – ციტირებს რობენის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
37 წლის არიენ რობენი მშობლიურ კლუბ “გრონინგენში” თამაშობს და დღეს ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. ნიდერლანდების ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები იქნებიან.