დეშამმა ნაკრებში ბენზემას გამოძახების ფაქტი განმარტა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიყვანა.
33 წლის ფეხბურთელს “მამლების” რიგებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბენზემასთვის ეროვნული ნაკრების კარი მას შემდეგ დაიხურა, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დეშამმა ბენზემას უხმო და ეს გადაწყვეტილება დღეს განმარტა კიდეც.
“შეუძლებელია წარსულში დაბრუნება და რაიმეს შეცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი და ხვალინდელი დღეა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, კარიმს შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ. შეხვედრის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრეთ, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. ეს ორივე ჩვენგანს გვჭირდებოდა. რთული სიტუაციები გამომივლია და პირად ინტერესებს ყოველთვის უგულებელვყოფდი. საფრანგეთის ნაკრები ჩემი საკუთრება არ არის.
ოლივიე ჟირუს საფრთხე შეექმნა? აუცილებელი არ არის, ასე ვიფიქროთ. კონკურენცია ყოველთვის არის. ისინი სამი წლის განმავლობაში ერთ გუნდში იყვნენ. მათი ერთად ყოფნა კარგი იდეაა თუ ცუდი, ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გავიგებთ”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი.
ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.