უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს
უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს, რომ ფეხბურთელის მიერ პრესკონფერენციაზე სპონსორის ბოთლის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი დაჯარიმდნენ.
ორშაბათს პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლას” ორი ბოთლი მაგიდიდან გადადგა და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.
მომდევნო დღეს ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელიც სარწმუნოებით მუსულმანი გახლავთ, რელიგიური მოტივით ლუდ “ჰეინეკენის” ბოთლი გადადგა.
ოთხშაბათს იტალიის ნაკრების შუახაზელმა მანუელ ლოკატელიმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლა” წყლის ბოთლით ჩაანაცვლა.
აღნიშნული ფაქტების გამო ევრო-2020-ის დირექტორი მარტინ კალენი იძულებული გახდა, ტურნირის მონაწილე გუნდებისთვის შესაძლო სანქციების შესახებ შეეხსენებინა.
“ჩვენ ფეხბურთელებს პირდაპირ არასდროს ვაჯარიმებთ. უეფა ამას წევრი ასოციაციის მეშვეობით აკეთებს და მხოლოდ ფედერაციების გადასაწყვეტია უშუალოდ ფეხბურთელის დასჯა-არდასჯის საკითხი. ჩვენ გვაქვს დებულება, რომელიც გაფორმებულია ტურნირის მონაწილე ფედერაციებთან”, – ციტირებს კალენის სიტყვებს “ბიბისი”.