ვან გალი: “ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე მეც საკუთარ თავს დავნიშნავდი”
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მესამედ დაინიშნა, საკუთარი მუშაობის პრინციპებზე, ქვეყნის ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკებებისა და ნაკრებში დასახული მიზნის შესახებ ისაუბრა.
“ფეხბურთელები მე ყოველთვის მკაცრ მწვრთნელად აღმიქვამენ, რადგან მედია ასე მახასიათებს. საკუთარ თავს მეც მკაცრ, მაგრამ ამავდროულად სამართლიან და პატიოსან სპეციალისტად მივიჩნევ.
არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკება საკმაოდ სასიამოვნო იყო და ის დიდხანს გაგრძელდა.
თუ ჩემს კარიერას გადახედავთ, აღმოაჩენს, რომ მუშაობის პირველი რამდენიმე თვე კარგი არასდროს მქონია. ფეხბურთელებს ჩემს რეჟიმთან შეგუება უწევთ.
ჩემი პირადი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა. მინდა, რომ ფეხბურთელები ამით შთავაგონო, მაგრამ ამის გაკეთება არა საკუთარი თავისთვის, არამედ ნიდერლანდური ფეხბურთის დასახმარებლად მსურს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევა მე რომ მიწევდეს, მეც საკუთარ თავს ავარჩევდი, ამიტომაც დავთანხმდი ამ პოსტს”, – ციტირებს ვან გალის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.
ლუი ვან გალი ნიდერლანდების ნაკრებს 2000–2002 და 2012–2014 წლებში უკვე თავკაცობდა. ეროვნულ გუნდში მისი ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილია.