პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ
24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც დასავლეთისგან მთელი რიგი სანქციები მოჰყვება.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლონელებს რუსებთან შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ და ამისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში წერილის გაგზავნასაც აპირებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი ადასტურებს.
“ვეცდებით, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გავმართოთ. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა გაემგზავრნონ”, – თქვა ბორტნიჩუკმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის შეცვლა არ განიხილება.