პოლონელები რუსებთან თამაშზე უარს აცხადებენ: “ამის უფლებას სინდისი არ გვაძლევს”
პოლონეთის ეროვნული გუნდი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარს აცხადებს.
“სიტყვები აღარ არის საჭირო, მოქმედების დროა! უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო პოლონეთის ნაკრები არ აპირებს პლეიოფში რუსეთთან თამაშს. ჩვენ შვედეთისა და ჩეხეთის (მეორე ნახევარფინალური წყვილი) ფეხბურთის ფედერაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ფიფას ერთიანი განცხადება მივაწოდოთ”, – განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ.
ამ განცხადებას ერთობლივად შეუერთდნენ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები:
“ჩვენ, პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო რუსეთთან საპლეიოფო რაუნდის მატჩი არ ჩავატაროთ. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არის. ჩვენ უკრაინელ ხალხსა და ეროვნული ნაკრებიდან ჩვენს მეგობარ ტომაშ კენძიორაზე ვფიქრობთ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ კიევში იმყოფება”.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პოლონეთის ნაკრების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკიც:
“სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული გრესია გრძელდება. რუსი ფეხბურთელები და ფანები ამაზე პასუხისმგებელნი ვერ იქნებიან, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავდგებით ისეთ პოზიციაში, თითქოს არაფერი ხდება”.
პოლონეთის ნაკრების კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
“24 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩში რუსეთის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა. ამის წერისას გული კი მწყდება, მაგრამ თამაშის უფლებას სინდისი არ მაძლევს. საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა ყველაზე დიდი პატივია კარიერაში, მაგრამ ეს მაინც არჩევანია. უარს ვამბობ იმ ფეხბურთელებთან თამაშზე, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ღირებულებებსა და პრინციპებს. უარს ვამბობ, ვიდგე მოედანზე ჩემი ქვეყნის ფერებში და ვუსმენდე რუსეთის ჰიმნს. უარს ვამბობ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების კანონიერად გამართლების შემთხვევაშიც”.
ფიფაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.