“აიაქსმა” “რეალი” ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული შეხვედრა ჰოლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი “სამეფო კლუბმა” 2:1 მოიგო.
დღევანდელი შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრებმა მადრიდელებს პირწმინდად აჯობეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს: მე-7 წუთზე ბურთი ჰაკიმ ზიეჩმა გაიტანა, რომელმაც გოლით თავი პირველ მატჩიც გამოიჩინა. მე-18 წუთზე დავიდ ნერესმა სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
მეორე ტაიმი “რეალმა” აქტიურად დაიწყო, თუმცა 62-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მასპინძელთა კარში მესამე ბურთი გაიტანა და მეტოქის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა, თუმცა გოლის მომენტამდე იყო საკამათო ეპიზოდი – გადაკვეთა თუ არა ბურთმა გვერდითი ხაზი. ვიდეომსაჯებმა რამდენიმეწუთიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს – 0:3. 70-ე წუთზე მარკო ასენსიომ ერთი გოლი გაქვითა და მადრიდელებს მცირე იმედი მიეცათ, თუმცა ორიოდე წუთში ლასე შიონემ საჯარიმო დარტმით მეოთხე ბურთი გაიტანა და “სამეფო კლუბს” ცივი შხაპი გადაასხა. მატჩის კომპენსირებულ დროში ნაჩომ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათიც მიიღო. საბოლოო ჯამში, “რეალი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, “აიაქსი” კი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“რეალი” — “აიაქსი” 1:4 (0:2) (ორი მატჩის ჯამში 3:5)
გოლები: ასენსიო 70′ —ზიეჩი 7′, ნერესი 18′, ტადიჩი 62′, შიონე 72′.
გაძევება: ნაჩო 90+3′ (“რეალი”).