ანჩელოტი “რეალს” ლონდონში არ გაჰყვა
ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართება. “სამეფო კლუბი” ინგლისში მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გარეშე ჩაფრინდა. იტალიელ სპეციალისტს კორონავირუსი აქვს.
“რეალი” ლონდონში თავკაცის გარეშეა, თუმცა გადაჭრით ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ხვალინდელ შეხვედრას გუნდი ანჩელოტის გარეშე ჩაატარებს. თუ იტალიელის კოვიდტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, შესაძლოა, მწვრთნელი ხვალ ინგლისში ჩაფრინდეს.
ანჩელოტის შემთხვევაში კორონავირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. იტალიელმა სპეციალისტმა შაბათს, პრიმერაში “სელტასთან” გამართული შეხვედრა (2:1) გამოტოვა.
“ჩელსისა” და “რეალს” შორის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კლემან ტიურპენის ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.