„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაისურზე არაგონესის სახელი ეწერება
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურის შიდა ნაწილზე ლუის არაგონესის სახელი ეწერება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
შეგახსენებთ, რომ არაგონესი ამა წლის 1-ელ თებერვალს, მადრიდის კლინიკაში გარდაიცვალა.
ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი ისეთ კლუბებს თავკაცობდა, როგორებიცაა: „ატლეტიკო“ (1974-1980, 1982-1987, 1991-1993, 2002-2003), „ბეტისი“ (1981-1982, 1997-1998), „ბარსელონა“ (1987-1988), „ესპანიოლი“ (1990-1991), „სევილია“ (1993-1995), „ვალენსია“ (1995-1997), „რეალ ოვიედო“ (1999-2000), „მალიორკა“ (2000-2001) და „ფენერბაჰჩე“ (2008-2009).
ლუის არაგონესის თავკაცობით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.