“ბარსას” ფეხბურთელები, რომლებსაც სუპერთასის მოგების შანსი პირველად უჩნდებათ
სამშაბათს, “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩი შედგება — “ბარსელონა” “სევილიას” წინააღმდეგ. მართალია, ფავორიტად კატალონიური გრანდი ითვლება, თუმცა “სევილიამ” 2006 წელს იმავე სუპერთასის მატჩში “ბარსელონა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ასე რომ, გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია.
“ბარსას” სეზონის პირველი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ცალკეული ფეხბურთელებისთვის ეს მატჩი ერთი ორად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ უეფას სუპერთასის მოგების შანსი პირველად უჩნდებათ. კატალონიური გუნდის დღევანდელი შემადგენლობის რვა წევრმა 2011 წელს “პორტუს” დამარცხებით (2:0) სუპერთასი უკვე აღმართა თავს ზემოთ: პიკე, დანიელ ალვესი, ადრიანო, ბუსკეტსი, მასკერანო, ინიესტა, მესი, პედრო. დანი ალვესი ის ფეხბურთელია, რომელმაც სუპერთასი ჯერ “სევილიას”, შემდეგ კი “ბარსელონას” რიგებში მოიგო.
კატალონიური გუნდის დღევანდელი შემადგენლობის 12 მოთამაშეს სუპერთასის მოგების შანსი პირველად უჩნდება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, რაკიტიჩი, სუარესი, ნეიმარი, რაფინია, სანდრო, მუნირი, სერხი რობერტო, ვერმალენი და მატიე. რაც შეეხება მარკ ბარტრას, იგი “ბარსელონას” პირველ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება, თუმცა 2011 წლის სუპერთასის პერიოდში დუბლშემადგენლობაში იყო და ტიტული არც მას მოუგია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტრავმის გამო სუპერთასის მატჩს ჟორდი ალბა და დუგლასი გამოტოვებენ.