ბეილი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი გარეტ ბეილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს. უელსელი ფეხბურთელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ბეილის ჯანმრთელობის შესახებ “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
“ბეილი ჯერ დორტმუნდში დაშავდა, შემდეგ კი ბარძაყის ტრავმაც მიიღო. ვერ გეტყვით, როდის დაუბრუნდება მოედანს, თუმცა ის დღითი დღე უკეთ გრძნობს თავს. ბეილი დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დაბრუნებას ვერ შეძლებს, მაგრამ მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
ბეილი დამწუხრებულია, რომ თამაშს ვერ ახერხებს. ვიმედოვნებ, რომ ის მაქსიმალურად მალე დაბრუნდება და “დორტმუნდის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება”, – ზიდანის კომენტარს Four Four Two აქვეყნებს.
“რეალსა” და “ტოტენჰემს” შორის მატჩი 17 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.