ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს მოედანზე დააჯილდოებენ
უეფამ საკლუბო ტურნირების დაჯილდოების ცერემონიის ფორმატში ცვლილებები შეიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ცერემონია მაქსიმუმ ხუთ წუთს გასტანს, გულშემატკივრებს კი დაჯილდოების პროცესის უკეთესი ხედით ხილვის საშუალება მიეცემათ.
“მოედანი ფეხბურთელების სცენაა და ისინი ღირსები არიან, რომ მოედანზევე დააფასონ. ჩინოვნიკები ტრიბუნებიდან უნდა ჩამოვიდნენ და მოთამაშეებს პატივი სცენ და არა – პირიქით”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 3 ივნისს გაიმართება და ტიტულისთვის ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” შეეცილებიან. ევროპის ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა 24 მაისს შედგება და ერთმანეთს ამსტერდამის “აიაქსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთელებს ტრიბუნაზე მოწყობილ კვარცხლბეკზე აჯილდოებდნენ.