“დიდება უკრაინას” – ფლეშმობი ფიფას ოფიციალურ გვერდზე და დაცემული რეიტინგი
ფეხბურთის უკრაინელი და არამხოლოდ უკრაინელი გულშემატკივრები ფიფას მიმართ გულისწყრომას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ Facebook გვერდზე აქტიურად გამოხატავენ.
ქომაგები ფიფას გვერდზე ორგანიზაციის მიმართ გამოხატულ უარყოფით შეტყობინებებს 1-ქულიანი შეფასებით აფიქსირებენ და ტოვებენ ცნობილ ლოზუნგს: “დიდება უკრაინას”. რამდენიმე წუთში ფიფას გვერდის რეიტინგი 1,4-მდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ ხორვატთა მცველმა დომაგოი ვიდამ და სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოგნენ ვუკოევიჩმა გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს.
“დიდება უკრაინას. ეს გამარჯვება “დინამოსთვის” და უკრაინისთვისაა”, – ამბობენ ხორვატები ვიდეომიმართვაში.
აღნიშნული ვიდეოს გამო ფიფამ ვიდა და ვუკოევიჩი სიტყვიერად გააფრთხილა. უფრო მკაცრად მოიქცა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც ვუკოევიჩი სამუნდიალე დელეგაციიდან გარიცხა.