ევროპაში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა?
ლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში აცხადებს, რომ ევროპულ ფეხბურთში პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.
ჟეზუშმა ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “მონაკოსთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ბენფიკას” ცენტრალური მცველი ლისანდრო ლოპესი გააძევეს მოედნიდან.
“მსაჯმა მატჩის პირველ 20 წუთში ორი ყვითელი ბარათი გვიჩვენა, რამაც ჩვენს გეგმებზე გავლენა იქონია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პორტუგალია კოეფიციენტთა ცხრილში იტალიას და საფრანგეთს ეპაექრება.
“შალკეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ანალოგური რამ გაუკეთეს “სპორტინგსაც” (33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს). მსაჯები სპეციალურად უჩვენებენ პორტუგალური გუნდის ფეხბურთელებს ბარათებს, რათა შემდეგ მოედნიდან იოლად გააძევონ. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საკითხების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ”, – ციტირებს ჟორჟე ჟეზუშის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა A Bola.