გაიმართება ყატარის მუნდიალი ზამთარში?
როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე. ევროპულ კლუბთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა უმბერტო განდინიმ განაცხადა, რომ ტურნირის ზაფხულიდან ზამთარში გადატანა თითქმის გარდაუვალია. გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა, საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებაც, რომ 2021 წლის კონფედერაციის თასიც ზამთრის პერიოდში შედგება. ამრიგად, ევროპული ჩემპიონატების ხელმძღვანელებს სამი სეზონის განმავლობაში ტურნირების კალენდრის კორექტირება მოუწევთ: 2020/2021, 2021/22 და 2022/23.
2021 წლის კონფედერაციის თასისა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ვადები 3 და 4 ოქტომბერს გასამართ ფიფას სხდომაზე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე საუბრები ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ტურნირის ვადების შეცვლის მთავარ მიზეზად ყატარის მაღალი ტემპერატურა სახელდება. ცნობისთვის, ზაფხულში ყატარში საშუალო ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 40-50 გრადუსს აღწევს, რის გამოც ამ დროს იქ ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ტურნირის ზამთარში ჩატარებას ემხრობა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელსაც ფიფას ხელმძღვანელი ზეპ ბლატერიც შეუერთდა.
ბექა დოგრაშვილი