გარი ლინეკერი ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არ თვლის
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა.
“პირველ რიგში, ჩემპიონობის პრეტენდენტებად ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს დავასახელებ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე რეგულარულად აღწევენ წარმატებებს. ესპანეთის ნაკრებმა კვლავ დაიბრუნა ძალა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით უპირატესობას საფრანგეთს უფრო მივანიჭებდი. გადახედეთ ფრანგების შემადგენლობას: საიმედო მეკარე, ძალზედ ძლიერი დაცვა, უნიჭიერესი ფეხბურთელები შუა ხაზში. ნგოლო კანტე საოცარი მოთამაშეა! შეტევაში კილიან მბაპე ჰყავთ, რომელიც ამომავალი სუპერვარსკვლავია. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრები ტურნირზე მაღალ პოზიციას დაიკავებს.
არ ვთვლი, რომ ინგლისის ნაკრები ფავორიტების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. ჩვენი გუნდი ჯერ არ გაზრდილა იმ დონემდე, რომ ეს სტატუსი მიიღოს. ნაკრებში ნიჭიერი ფეხბურთელები, პერსპექტიული ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ არა მგონია, რომ გუნდმა ზაფხულისთვის მომწიფება მოასწროს. ინგლისელებმა 17 და 20-წლამდელთა ტურნირზე კარგად იასპარეზეს, მაგრამ მათი დრო ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად ყველაფრისა, წინასწარ ვერაფერს იტყვი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნებისმიერი გუნდისთვის რთული მეტოქე ვიქნებით, რითაც ადრე ვერ დავიკვეხნიდით”, – განაცხადა ლინეკერმა ფიფას ოფიციალური ვებგვერდითვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური სტადიის წილისყრა დღეს, 1 დეკემბერს, მოსკოვში ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გარი ლინეკერი ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანი იქნება.