გერმანია — პოლონეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
გერმანია — პოლონეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: ხუთშაბათი, 16 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია)
დღეს ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური შეხვედრა პარიზში მდებარე “სტად დე ფრანსზე” ჩატარდება, სადაც ჯგუფის ლიდერები — გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. როგორც მოგეხსენებათ, ისინი ერთ ქვეჯგუფში იყვნენ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა, თუმცა გუნდი დაცვაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. გერმანელებმა პოლონელების წინააღმდეგ გასამართ მატჩში საკუთარ თავს მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება არ უნდა მისცენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათს ჰუმელსი სათამაშოდ მზადაა და შესაძლოა, შკოდრან მუსტაფიმ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლოს. იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გარისკვა არ სურს, ამიტომ ჰუმელსი იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ იგი 100 პროცენტით მზად იქნება. მარიო გიოტცე, სავარაუდოდ, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ლიოვმა მიანიშნა, რომ პოლონეთის ნაკრების მჭიდრო დაცვის პირობებში გიოტცეს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მარიო გომესს.
პოლონეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის დამარცხებით არამხოლოდ სამი ქულა, არამედ თვითდამაჯერებლობაც მოიპოვა. პოლონელთა ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ “მადა გაეხსნება”. “ბუნდესგუნდისთვის” სწორედ ლევანდოვსკი და არკადიუშ მილიკი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს. ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს მეკარე ვოიცეხ შჩესნი. ლუკაშ პიშჩეკი მატჩამდე ამბობს, რომ პოლონეთი სიურპრიზების შეთავაზებისთვის ემზადება, თუმცა დღევანდელი მატჩის ფავორიტი მაინც გერმანიის ნაკრებია.
გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
26.03.16 | ამხ. | გერმანია | ინგლისი | 2:3 | |
29.03.16 | ამხ. | გერმანია | იტალია | 4:1 | |
29.05.16 | ამხ. | გერმანია | სლოვაკეთი | 1:3 | |
04.06.16 | ამხ. | გერმანია | უნგრეთი | 2:0 | |
12.06.16 | ეჩ. | გერმანია | უკრაინა | 2:0 |
პოლონეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
23.03.16 | ამხ. | პოლონეთი | სერბეთი | 1:0 | |
26/03/16 | ამხ. | პოლონეთი | ფინეთი | 5:0 | |
01/06/16 | ამხ. | პოლონეთი | ჰოლანდია | 1:2 | |
06/06/16 | ამხ. | პოლონეთი | ლიტვა | 0:0 | |
12/06/16 | ეჩ. | პოლონეთი | ჩრდილოეთ ირლანდია | 1:0 |
ურთიერთშეხვედრები: (ბოლო 6 მატჩი)
04.09.15 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 3:1 პოლონეთი
11.10.14 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: პოლონეთი 2:0 გერმანია
13.05.14 – ამხანაგური: გერმანია 0:0 პოლონეთი
06.09.11 – ამხანაგური: პოლონეთი 2:2 გერმანია
08.06.08 – ევროპის ჩემპიონატი: გერმანია 2:0 პოლონეთი
14.06.06 – მსოფლიოს ჩემპიონატი: გერმანია 1:0 პოლონეთი
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პოლონეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, ეს მისი ძლიერი მხარეა. ისინი იცდიან და შემდეგ კონტრშეტევაზე გადმოდიან. ეს მათი სტილია, რომელიც ფაზების წრაფ გადასვლაზეა დაფუძნებული ამ მხრივ პოლონეთი უკრაინაზე ძლიერია, ვინაიდან პოლონელებს გაცილებით მოქნილი გუნდი ჰყავთ. პოლონეთის ნაკრები კონტრშეტევებზე მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გერმანიის ნაკრებს პოლონეთთან ხუთჯერ ვუხელმძღვანელე და ხუთივე მატჩი რთული გამოვიდა. ალბათ, ბურთს ჩვენ უფრო გავაკონტროლებთ, ვინაიდან პოლონელებს ღრმა დაცვიდან უყვართ თამაში. ამიტომ, გერმანიის ნაკრების შეტევით ხაზში სწრაფმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ”.
ადამ ნავალკა (პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საკვალიფიკაციო სტადიაზე გერმანიის ნაკრების დამარცხება ჩვენი გუნდის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. ჩვენი ფეხბურთელების მაღალი დონის გათვალისწინებით, ადრე თუ გვიან ეს წარმატებები უნდა დამდგარიყო.
საკუთარი თავის გვჯერა, ამავე დროს ვაცნობიერებთ იმას, რომ ვეთამაშებით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. შესაბამისად, ძალზედ მძიმე მატჩის მოლოდინში ვართ. ამ ტურნირზე ჩვენთვის თითოეული შეხვედრა განსაკუთრებულია. ვამაყობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებს წარმოვადგენთ”.
საინტერესო ფაქტები:
— გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით დაასრულა;
— პოლონეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
— პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ზედიზედ მესამედ თამაშობს. გუნდი ჯგუფიდან არასდროს გასულა.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი; ჰიოვედესი, ჰუმელსი/მუსტაფი, ბოატენგი, ჰეკტორი; კროოსი, ხედირა; მიულერი, იოზილი, დრაქსლერი; გიოტცე.
პოლონეთი: ფაბიანსკი; პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, ენდჟეიჩიკი; ბლაშიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი, კაპუსტკა, მილიკი, ლევანდოვსკი.
Fanebi.com-ის პროგნოზი
გერმანია 2:1 პოლონეთი