გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: „2022 წლის მუნდიალი 2023 წლის ზამთარში ჩავატაროთ“
გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი ფიფას 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას 2023 წლის ზამთარში სთავაზობს. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის ივნის-ივლისში ჩატარება არ შეიძლება, რადგან წლის ამ პერიოდში ყატარში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსია.
„2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული საქმეა. თუ ტურნირს 2022 წლის ზამთარში ჩაატარებენ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვევა. შესაძლოა, სხვა ვარიანტის განხილვაც ღირდეს – მაგალითად, ყატარის მუნდიალის 2023 წლის ზამთარში ჩატარება, თუნდაც ამან ტელეტრანსლაციებზე უფლებების მქონეთა უკმაყოფილება გამოიწვიოს“, – ნირსბახის სიტყვები „ფოკუსმა“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი