გვარდიოლა “ბარსაში” მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა ვიქტორ ფონტმა თავის პრიორიტეტულ ამოცანად კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას დაბრუნება დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად გვარდიოლა გამოეხმაურა და “ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე დაბრუნება გამორიცხა:
“როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, “ბარსელონაში” ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ უნდა გამოსცადო. დღესდღეობით ბევრი სპეციალისტი მოიძებნება, ვისაც “ბარსელონას” გაწვრთნა შეუძლია. მაგალითად, ახლა გუნდს რონალდ კუმანი თავკაცობს, რომელიც მართლაც შესანიშნავი სპეციალისტია. ამით ყველაფერი ნათქვამია.
“მანჩესტერ სიტიში” მუშაობით ბედნიერი ვარ და მსურს, წარმატებას აქ მივაღწიო. ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებია და იმედი მაქვს, შესაფერის ადამიანებს შეარჩევენ, რომლებიც კლუბს უმაღლეს დონეზე აიყვანენ. გთხოვთ, პატივი ეცით რონალდ კუმანს. გუნდს დღესდღეობით ის წვრთნის. რონალდი ჩემი ახლო მეგობარია”.