გვარდიოლა: “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეფეა”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ “ქალაქელებს” მეტოქედ მადრიდის “რეალი” ერგოთ.
“ურთულესი გამოცდა გველის. “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეფეა. ამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალურად სერიოზულად მოვემზადებით და ვეცდებით, რომ ორი კარგი მატჩი ჩავატაროთ.
თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, რომ ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ვართ. ხალხი ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ყველას სურს, რომ მაქსიმალურად შორეულ ეტაპამდე გავიდეს.
როდესაც ფეხბურთელის კარიერა მქონდა და “ბარსელონა” დავტოვე, ვოცნებობდი, რომ “იუვენტუსში” ზინედინ ზიდანთან ერთად მეთამაშა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მასთან საუბრის საშუალება ხშირად არ მქონია, ერთმანეთთან მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ ვისაუბრეთ და ყოველ ჯერზე არაჩვეულებრივი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა. მე მისით აღფრთოვანებული ვარ და ძალიან კარგია, რომ ფეხბურთში ასეთი პიროვნება მოიძებნება. ჩემთვის პატივია, რომ მას კიდევ შევხვდები”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.