გვარდიოლამ მესის მის მომავალთან დაკავშირებით მოულოდნელი რჩევა მისცა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის კატალონიურ გუნდში დარჩენა ურჩია. ამ ინფორმაციას Catalunya Ràdio ავრცელებს.
წყაროს თანახმად, გვარდიოლამ არგენტინელ ფეხბურთელს ურჩია, რომ კარიერის ბოლომდე “ბარსელონაში” დარჩენა მისთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესის “ბარსელონას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი, გასულ კვირაში გაჩნდა. ფეხბურთელმა კლუბს მიმართა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა “ბარსელონას” მისი შენარჩუნების სურვილი აქვს ან მსურველისგან კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას მოითხოვს, რაც 700 მილიონ ევროს უტოლდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, არგენტინელი შემტევის დამატებით ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ სიტი” არის დაინტერესებული.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.