იასპარეზებს თუ არა ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე?
26 ივლისს, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი -73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში შოჰეი ონოსთან დამარცხდა.
29 წლის ასაკში, ლაშას ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. პირველ არხთან ინტერვიუში, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.
“ჯერ პირველ რიგში, დავისვენებ. მაქვს მოტივაცია, რომ გავაგრძელო ის საქმე, რომელიც მიყვარს, ამას სიყვარულით ვაკეთებ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. იქამდე ძალიან დიდი დროა, ბევრი შრომაა საჭირო. ჯერ უნდა მოხვდე ოლიმპიურ თამაშებზე, მოიპოვო ლიცენზია, იქ მარტივად ვერ მოხვდები. მე კიდევ ვიბრძოლებ, რომ მომეცეს შანსი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად”, – განაცხადა შავდათუაშვილმა გადაცემა “ტაიმაუტში”.