ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.
“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.