ინიესტას და დანი ალვესის მატჩისწინა პრესკონფერენცია
სამშაბათს, “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კატალონიელთა მხრიდან ანდრეს ინიესტა და დანიელ ალვესი წარსდგნენ ჟურნალისტების წინაშე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
— ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მატჩი ზედმეტად ადრე ტარდება? რამდენად დიდია პასუხისმგებლობა?
— (ინიესტა) ეს ახალი სეზონის პირველი მატჩია. რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას, ის არასდროს იცვლება, თანაც ამ სეზონში გუნდის კაპიტანი გავხდი. ძალიან მაღალი დონის თანაგუნდელები მყავს და გუნდში ყველაფერი ისეა, როგორც მანამდე იყო. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შევეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ჩავატაროთ.
— (ალვესი) არ შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ ეს მატჩი ადრე ტარდება. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი გეგმის ნაწილია და ამ გეგმას უცვლელად მივყვებით. როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ ახალ სეზონში გუნდის მუზეუმს ახალი თასი შევძინოთ.
— ახალი სეზონი იწყება და შანსი გაქვთ, რომ ექვსი ტიტული მოიგოთ. ფიქრობთ ამაზე? დანი ალვესი კლუბის დატოვებას აპირებდა და ახლა რა ხდება? ნეიმარის არყოფნაზე რას იტყვით?
— (ინიესტა) სეზონის დასაწყისში შანსი გვაქვს, სამი ტიტული მოვიგოთ: უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. რთულია ყველაფრის მოგება, თუმცა ვნახოთ. ხვალინდელი მატჩი პირველი გამოცდაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით დავძლიოთ. მეტოქეს კარგად ვიცნობთ და იმედია, ჩვენს არსენალში აღმოჩნდება საკმარისი ძალა მის დასამარცხებლად. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.
— (ალვესი) კლუბიდან ჩემ წასვლაზე აღარ არის საუბარი, მე ვრჩები და მაქსიმუმს გავიღებ გუნდისთვის. რაც შეეხება ნეიმარს, ცოტა მოულოდნელია, რომ ამ ტიპის პრობლემა (ყბაყურა შეხვდა – ავტ.) აქვს. იგი დაგვაკლდება, მაგრამ გვაქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მის გარეშეც დავამარცხოთ მეტოქე.
— რამდენად არის იმის შანსი, რომ პედრო “ბარსელონაში დარჩეს?
— (ალვესი) პირადი გადაწყვეტილების მიღება რთულია, როცა საკითხში ბევრი ადამიანია ჩართული. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პედრომ, ჩვენ გაგებით უნდა შევხვდეთ მას და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. იმედია, იგი გუნდში დარჩება.
— მესის ფაქტორიდან გამომდინარე, იქნებით დაუმარცხებელი ამ სეზონში?
— (ინიესტა) გუნდში მესის ყოფნა წარმატების გარანტიაა. მისი წყალობით მივაღწიეთ დიდ გამარჯვებებს და იმედია, ახალ სეზონსაც ისე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ.
— დანი ალვესი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2006 წელს “სევილიას” რიგებში უეფას სუპერთასი მოიგო. რას გამოიყენებთ ამ გამოცდილებიდან?
— (ალვესი) მე წამიგია კიდეც და აქედანაც ბევრი რამ მისწავლია. ფავორიტები ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გუნდს აქვს ძლიერი მხარეები. დღესდღეობით ფაქტია, რომ ფავორიტები თითქმის აღარ არსებობენ. არაპროფესიონალურად თუ მივუდგებით საქმეს, ქაღალდზე ფავორიტობა არ გვიშველის. გამარჯვება კარგია, მით უფრო ლამაზი თამაშით მიღწეული.
— (ინიესტა) მაშინ “სევილიამ” დაიმსახურა ის გამარჯვება. ბევრს ჰგონია, რომ ხვალ ადვილად გავიმარჯვებთ, თუმცა ეს ასე არ არის. ფინალში წარმატების მისაღწევად 100-პროცენტიანი მობილიზებაა საჭირო.
— გასული სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორეთ და ყველაფერი კარგად დაამთავრეთ. რა შედარებას გააკეთებდით ახალ სეზონთან?
— (ინიესტა) როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, ეს გარკვეულ დროსა და ადაპტაციას საჭიროებს, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში პროგრესი სახეზე იყო. შედარებებს რაც შეეხება, რთულია სეზონების ერთმანეთთან შედარება, მით უფრო მაშინ, როცა ეს განსხვავებულ შემადგენლობებს ეხება. ვეცდებით, რომ ახალ სეზონში ეს წინსვლა გავაგრძელოთ.
— რას ფიქრობთ არდა თურანზე?
— (ალვესი) არდა ძალზედ მხიარული ადამიანია, ბევრს გვართობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს გუნდში. სამწუხაროა, რომ იგი ხვალ ვერ დაგვეხმარება, თუმცა მისი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკური მონაცემები სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება. ყველა გუნდს სჭირდება ასეთი არასტანდარტული ტიპის ფეხბურთელი.
— “ბარსელონას” საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რას ურჩევდით დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს?
— (ინიესტა) რთულია ამის თქმა. ყველას ჩვენი მეთოდები გვაქვს. საერთოა მონდომება, წარმატების სურვილი, მიზნების მიღევა, რაც არ უნდა რთული იყოს, თავდაჯერება. მთავარია ოცნება გქონდეს.
— დანი ალვესი “სევილიაში” თამაშობდა, ახლა “ბარსელონას” ღირსებას იცავს. იქნება ხვალინდელი თამაში ამ ხმრივ განსაკუთრებული?
— (ალვესი) არა, ეს უკვე ნორმალური მოვლენაა. ესპანური ფეხბურთის ეს ორი გრანდი შიდა ჩემპიონატში ხშირად ხვდება ერთმანეთს. სევილია ის ქალაქსია, სადაც გავიზარდე, ვთამაშობდი და ბევრი მეგობარი მყავს როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა. მიუხედავად ამისა, მე მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვფიქრობ.