ისლანდიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების მიზანი განსაზღვრეს
ისლანდიის ფეხბუთის ასოციაციის პრეზიდენტი გუდნი ბერგსონმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მიზანი განსაზღვრა. მისი თქმით, გუნდმა მიზნად ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე თამაში დაისახა.
“არ გეგონოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატების გამო თავში აგვივარდა. ჩვენ საკუთარ თავს რეალისტურ ამოცანებს ვუსახავთ. გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ და მერვედფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის გამო კარგი გაგებით შოკში ვიყავით. საკუთარი სულის ძალა ვაჩვენეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. რეიკიავიკის ცენტრში დღესასწაული შედგა, ფეხბურთელები კი ქომაგებთან ერთად ზეიმობდნენ.
საოცარი თაობა გვყავს, რომელიც მუდმივად ვითარდება. სწორედ ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას. ეს ბიჭები საკუთარ თავზე ყოველდღიურად მუშაობენ, რათა კიდევ უკეთ ათამაშდნენ. ჩვენი განვითარება წლების განმავლობაში გრძელდება და წინ მივიწევთ. არც იმ სპეციალისტების ამაგი უნდა დავივიწყოთ, რომლებიც ფეხბურთელებთან მუშაობენ”, – აღნიშნა ბერგსონმა.