კანი: “ლევანდოვსკიმ კონტრაქტი უნდა შეასრულოს!”
მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
“უსაფუძვლო ნერვიულობა წარსულშიც გამოგვიცდია. ეს არ არის ის, რაც თავს აგვატკივებს. ფეხბურთელის აგენტს შეთავაზება გავუკეთეთ. მან ჩვენს წინადადებაზე უარი თქვა. ეს მისი უფლებაა. ფაქტი კი ისაა, რომ მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და ეს კონტრაქტი უნდა შეასრულოს. მორჩა და გათავდა!
ჩვენ საკმარისად მკაფიონი და თანმიმდევრულნი ვართ. “ბაიერნი” ასე მუშაობს. აქ ფეხბურთელი კლუბზე მეტი არ არის”, – ციტირებს კანის სიტყვებს BR24sport-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნის” დატოვება და “ბარსელონაში” გადაბარგება სურს. პოლონელ ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელსეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.