კარლო ანჩელოტი — მატჩის შემდეგ თქმული
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე კლუბის პრეზიდენტს ჩემპიონტა ლიგის თასს შეპირდა და სიტყვა სეასრულა კიდეც.
„უზომოდ ბედნიერი ვარ. როგორც იქნა, „რეალთან“ ერთად ეს ტიტული მოვიგეთ. თითოეული ჩვენგანი მთელი სეზონის განმავლობაში მუყაითად მუშაობდა, ვამაყობთ მიღწეულით. ბედნიერია ყველა, ვინც ყოველდღიურად გვიჭერდა მხარს. „რეალის“ ქომაგები უზომოდ ბედნიერები არიან, რაც ჩვენ გვახარებს.
ყველაზე რთული ანგარიშის გათანაბრება იყო. თავისუფალი ზონა არ გვქონდა, „ატლეტიკო“ თავს ძალიან კარგად იცავდა, თუმცა ჩვენ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობდით და მიზანს მივაღწიეთ კიდეც, შემდეგ კი თამაში მთლიანად შევცვალეთ. გატანილმა გოლმა დიდი ენერგია შეგვძინა და გამარჯვების წყურვილი გაგვიძლიერა.
გამიმართლა, თუმცა არა ამ მატჩის გამო. შეიძლება თქვათ, რომ გამიმართლა, შეიძლება სხვამ თქვას, რომ ბოლო წამამდე ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ეს ფეხბურთია. ხან გაგიმართლებს, ხანაც – არა.
შესვენებაზე ვთქვი, რომ უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, შეტევითი პოტენციალი უფრო მეტად უნდა გამოგვეყენებინა. იგივე გავიმეორე 90 წუთის შემდეგ, რათა მეტოქე გუნდს შეტევის საშუალება არ მისცემოდა. ასე შევუქმნიდით „ატლეტიკოს“ უსიამოვნებებს.
პირველივე დღეს, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სატიტულო ოთახში შევაბიჯე, კლუბის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ იქაურობას ერთი თასი აკლდა და მის მოგებას ამავე სეზონში ვეცდებოდით. ჩვენ ეს გამოგვივიდა. ნდობას მთელი კლუბისგან ვგრძნობდი, რაც გამარჯვებებში დაგვეხმარა.
ყველა ფინალი რთულია და არც ეს იყო გამონაკლისი. მძიმე სეზონი გამოვიდა, თუმცა ამავე დროს – კარგი. ეს „რეალში“ ჩემი პირველი წელი იყო, სტილის შეცვლას შევეცადეთ, გუნდმა თავი ფანტასტრიურად წარმოაჩინა: მოთამაშეები დიდ პროფესიონალიზმს და თამაშის სურვილს ავლენდნენ. მარსელო უკმაყოფილო იყო იმით, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა მოედანზე გავიყვანეთ და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც შეასრულა.
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგეთ. ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა, „ბაიერნთან“ ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო გაგვიძლიერდა. ფანტასტიური სეზონი გვქონდა.
სიმეონეს ვესაუბრე. ამ მატჩამდე ჩემპიონატში გამარჯვება მივულოცე, იგივე გავაკეთე მატჩის შემდეგ. გუნდი, რომელიც ვერ იგებს, თუმცა ბოლომდე იბრძვის, დასაფასებელია. ჩემი აზრით, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com