კასანო: “ანჩელოტის ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს”
იტალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გააკრიტიკა.
“რეალმა” “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ძალიან ცუდად ითამაშა. ანჩელოტის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან იღბალი ზურგს შეაქცევს.
“რეალი” არც პრიმერადივიზიონში თამაშობს კარგად. “ბარსელონას” ამ სეზონში ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ანჩელოტი საკუთარ ფეხბურთელებს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის, მაგრამ არ მახსენდება არცერთი მოთამაშე, რომელიც მისი თავკაცობის პირობებში განვითარდა”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football-Italia.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “რეალმა” “ჩელსი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა “ეტიჰადზე” 26 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩს კი “სანტიაგო ბერნაბეუ” 4 მაისს უმასპინძლებს.