ხორვატიამ ესპანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. “სტად დე ბორდოზე” ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი დაბალ, მშვიდ ტემპში წარიმართა, თუმცა მაყურებელმა ორი გატანილი გოლი იხილა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა: დავიდ სილვამ გენიალური გადაცემით ხორვატების დაცვის ნახევარი უსაქმოდ დატოვა და სესკ ფაბრეგასი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი დაუცველი კარის წინ მდგარი ალვარო მორატა მოძებნა და “ფურია როხა” დაწინაურდა – 1:0. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ესპანელები დაცვაში საიმედოდ ვერ გამოიყურებოდნენ და ტაიმის ბოლოს ამით ხორვატებმა ისარგებლეს კიდეც: ივან პერიშიჩის პასის შემდეგ ნიკოლა კალინიჩმა დავიდ დე ხეას ახლო მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე “ფურია როხას” “მშრალი” სერია მერვე მატჩზე შეწყდა. აქამდე ესპანელებს ბოლო გოლი ევრო-2008-ზე იტალიელებისგან ჰქონდათ მიღებული. დღევანდელი მატჩის პირველი ნახევარი საყაიმო ანგარიშით დასრულდა – 1:1.
მეორე ტაიმის შუაწელს ესპანეთის ნაკრებს დაწინაურების კარგი შანსი მიეცა. მატჩის 72-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ხორვატიის ნაკრების კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი სერხიო რამოსმა დაარტყა, თუმცა მეკარე დანიელ სუბაშიჩმა ბურთის მოგერიება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანის დარტყმამდე კიპერს ხორვატთა კაპიტანმა დარიო სრნამ რაღაც ჩასჩურჩულა. შეხვედრის 87-ე წუთზე კი მოხდა ის, რასაც მატჩამდე ბევრი ვერ ივარაუდებდა: ხორვატიის ნაკრებმა ესპანეთი სწრაფ კონტრშეტევაზე დაიჭირა და პერიშიჩმა მახვილი კუთხიდან დე ხეას გაუტანა. დარჩენილ დროში ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოასწრეს და შესაბამისად, ჯგუფის პირველი ადგილი ხორვატიამ დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი ესპანეთი გავიდა და მერვედფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებს შეხვდება.
ევრო-2016
D ჯგუფი
ხორვატია — ესპანეთი 2:1 (1:1)
ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, იედვაი, ვრსალკო; როგი (კოვაჩიჩი 82′), ბადელი; პერიშიჩი (კრამარიჩი 90+4′), რაკიტიჩი, პიაცა (ჩოპი 90+2); კალინიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.
ესპანეთი: დე ხეა; ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა; ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი (ალკანტარა 84′), ინიესტა, ნოლიტო (ბრუნო სორიანო 60′); მორატა (ადურისი 67′).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.
გოლები: კალინიჩი 45′, პერიშიჩი 87′ — მორატა 7′.
გამოუყენებელი პენალტი: სერხიო რამოსი 72′.
გაფრთხილებები: როგი 29′, ვრსალკო 70′, სრნა 70′, პერიშიჩი 88′.
მთავარი მსაჯი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია).