ხუან ლოპეტეგი: “ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ”
გერმანიის ქალაქ კიოლნში “სევილიასა” და მილანის “ინტერს” შორის უეფას ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ანდალუსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“დიდებული ემოციებით ვარ დამუხტული, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ ისეთი ფანტასტიური გუნდის წინააღმდეგ, როგორიც “ინტერია”. ძალზედ გახარებულნი ვართ, რადგან ბოლო სამი თვის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
დიდებული გუნდი მყავს. ფეხბურთელებს სჯეროდათ იმის, რასაც აკეთებდნენ. თუნდაც ეს შეხვედრა ვერ მოგვეგო, ჩემი ბიჭების მიმართ სიყვარული მაინც არ გამინელდებოდა, თუმცა გავიმარჯვეთ და ჯილდო სახლში მიგვაქვს. როგორც ჩვენს ჰიმნშია ნათქვამი, ჩვენ არასოდეს ვნებდებით.
ჩვენ ვისაუბრეთიმაზე , თუ როგორ შეუძლიათ ჩემს მოთამაშეებს ბრძოლა. შესანიშნავი გუნდი მყავს, რომელმაც დღეს გამარჯვება დაიმსახურა. ეს მოგება ანტონიო პუერტას (“სევილიას” გარდაცვლილი ფეხბურთელი) და ყველა იმას ეძღვნება, ვისაც ვუყვარვართ. ფანებმა გამარჯვება უნდა იზეიმონ, მაგრამ წესების დაცვით.
სეზონი ბედნიერად დავასრულეთ. დე იონგი დიდებული მოთამაშეა. ის ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და დღევანდელი საღამოსთვის მზად იყო”, – ხუან ლოპეტეგის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.