კლოზემ რეკორდი დაამხო
მიროსლავ კლოზემ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გერმანიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი კლოზეს ანგარიშზეა. მისთვის ეს გერმანიის ნაკრების ფორმით გატანილი რიგით 69-ე გოლი გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ რეკორდის დასამხობად გერმანელ თავდამსხმელს 132 მატჩი დასჭირდა, როცა ლეგენდარულმა მიულერმა 68 გოლის გატანა მხოლოდ 62 შეხვედრაში მოახერხა.
კლოზე კიდევ ერთი რეკორდის დამხობას წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეცდება. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ბრაზილიელი რონალდო ითვლება, რომლის ანგარიშზეც 15 გოლი გახლავთ. კლოზეს მხოლოდ ერთი ბურთი სჭირდება იმისთვის, რომ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს გაუთანაბრდეს.
ბექა დოგრაშვილი