კოკე: “თუ ჩემპიონთა ლიგა არ განახლდება, ჩემპიონად “ატლეტიკო” უნდა გამოცხადდეს”
მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანი კოკე მიიჩნევს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება არ განახლდება, ტურნირის გამარჯვებულად სწორედ მისი კლუბი უნდა ჩაითვალოს. შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა გუნდმა მერვედფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი “ლივერპული” დაამარცხა. სწორედ ამ ფაქტორს იშველიებს არგუმენტად კოკე.
“როდესაც მეგობრებთან ვსაუბრობ, მე მათ ვეუბნები, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება “ატლეტიკოსია”. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ფილოსოფიის შეცვლა. სხვები სტილს ან ცხოვრების წესს ვერ შეგვიცვლიან. თუ ჩემპიონთა ლიგა არ განახლდება, გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით. კრივშიც ასე ხდება. ჩვენ ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოვთიშეთ”, – ციტირებს კოკეს სიტყვებს “ასი”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა კორონავირუსული პანდემიის გამო მარტის თვეში შეჩერდა. რვიდან ოთხი მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა ცნობილია (“პსჟ”, “ატლეტიკო”, “ატალანტა”, “ლაიფციგი”).
უეფა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების განახლებას აგვისტოს თვეში გეგმავს.