კოსტარიკელთა თავკაცი: “ბელგიელთა ათიანმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მისი სახელი არ ვიცი”
11 ივნისს კოსტა რიკის ნაკრები ბელგიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 1:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კოსტარიკელთა თავკაცმა ოსკარ რამირესმა ბელგიის ნაკრების კაპიტანი ედენ აზარი თავისებურად შეაქო.
“მეტოქის ათიანმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მისი სახელი არ ვიცი”, – თქვა ოსკარ რამირესმა.
კოსტარიკელთა თავკაცის ეს მარგალიტი ევროპელებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა სამშობლოში ოსკარ რამირესის ვიწრო საფეხბურთო თვალთახედვა კრიტიკისა და ირონიის საგნადაა ქცეული. რამდენიმე დღის წინ რამირესს შვეიცარიელ ფეხბურთელთა გვარების არცოდნის გამო დასცინეს. ცნობისათვის, შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტარიკელთა ერთ-ერთი მეტოქე გახლავთ.
53 წლის ოსკარ რამირესს ფეხბურთელისა და მწვრთნელის მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.