კოვიდაფეთქება “აიაქსში”: ინფიცირებულია 11 ფეხბურთელი
ნიდერლანდური წყაროების თანახმად, ამსტერდამის “აიაქსის” 11 ფეხბურთელის ტესტმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. გუნდი სამშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მიდტიულანდს” ესტუმრება.
“აიაქსი” კოვიდაფეთქების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა კლუბი აცხადებს, რომ დამდეგი მატჩისთვის დანიაში 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მეკარეა: 20 წლის კიელ სჰერპენი, რომელსაც ძირითადი გუნდის რიგებში არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული.
“მიდტიულანდის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის “აიაქსს” დანიაში არ გაჰყვნენ წამყვანი მოთამაშეები: დავი კლასენი, რაიან გრავენბერჰი, დუშან ტადიჩი, ასევე მეკარეები ანდრე ონანა და მარტენ სტეკელენბურგი.
“მიდტიულანდსა” და “აიაქსს” შორის მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.