კრესპო: „ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ თანამემამულეების სამუნდიალე შანსები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ „ალბისელესტე“ მოიგებს. ამასთან, კრესპო არგენტინელ ფეხბურთელებს ხუმრობით ურჩევს, თუ მუნდიალს მოიგებთ, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეთო.
„თუ ბრაზილიაში არგენტინის ნაკრები გახდება ჩემპიონი, თანამემამულეებს ვურჩევდი, რომ ვერტმფრენი ახლოს ჰყავდეთ. ეს ყოველი შემთხვევისთვის, არგენტინელები ვინმემ რომ არ დახოცოს (იცინის).
რა თქმა უნდა, მოგება შესანიშნავი იქნებოდა. არგენტინას მშვენიერი გუნდი ჰყავს. ყოველთვის გვაქვს ჩემპიონობის კარგი შანსები, თუმცა მხოლოდ ორჯერ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი.
ღმერთმა ქნას, ეს მესის მუნდიალი აღმოჩნდეს“, – კრესპოს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინას მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებები ჰყავს. არგენტინელები პირველ შეხვედრას 16 ივნისს ბოსნიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ბექა დოგრაშვილი