ლაპორტა: “გუნდიდან მესის გაშვებას არ ვნანობ”
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკლუბო ტელეარხის ეთერში გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
“კლუბიდან მესის გაშვება ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ მინდოდა. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მაშინ სიტუაციამ ასე გვაიძულა. მესის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა, მაგრამ ამას არ ვნანობ. კლუბზე მეტი არავინაა. შექმნილმა რეალობამ დარტყმა მოგვაყენა. რას ვიზამთ?!
“ბარსელონას” ისტორია გრძელდება. თავჩაუხრელი მუშაობითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებით წარმატებულ გზაზე დაბრუნება კვლავ შეგვიძლია. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა”, – აღნიშნა ლაპორტამ.
როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ “ბარსელონა” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.