ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.
შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.
— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.
— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.
— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.
— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.