ლუის ენრიკე: “რომას” გოლი ჩემი ბრალია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “რომასა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ თამაშით კმაყოფილია, თუმცა არა – შედეგით. მანვე რაფინია ალკანტარას ტრავმაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, თუმცა რაჯა ნაინგოლანთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და თამაშში ჩართვიდან სამ წუთში მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.
“სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქემაც კარგად წარმოაჩინა თავი და გოლის გასატანად მომენტი მოძებნა. შედეგის გარდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
“რომას” გოლი ჩემი ბრალია. მე ვუთხარი მეკარეს, რომ ასე ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ჩვენთან ასეთ გოლს ვეღარ გაიტანს.
ერთი შეხედვით რაფინიას ტრავმა მძიმეა, ძალიან მძიმე. მუხლი დაიშავა. ეს დღევანდელი დღის ყველაზე ცუდი ამბავია, რამაც მატჩზეც იქონია გავლენა. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თუმცა ვიმეორებ, რომ დაზიანება ცუდი შესახედია”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.