მადრიდის მერი: “მბაპემ, “ატლეტიკოში” გადავდივარო”
ქალაქ მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ხუმრობის ხასიათზე დადგა, როდესაც გაიგო, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კარიერას “რეალში” გააგრძელებს.
“მბაპემ მითხრა, რომ “ატლეტიკოში” გადადის”, – ციტირებს ქალაქის მერის სიტყვებს “მარკა”.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალი” და კილიან მბაპე ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 23 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რითაც მადრიდელები დაახლოებით 200 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებენ. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდება. მადრიდში მბაპეს ხელფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე პარიზში სთავაზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ის ამ პერიოდის განმავლობაში ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა, ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.