“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის დამატებას კვლავ ეცდება
“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალიდან” გარეტ ბეილის გადმობირების იმედს არ კარგავს.
“ტელეგრაფის” ცნობით, “წითელი ეშმაკები” უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას მომავალ ზაფხულს შეეცდებიან. წყაროს თანახმად, “ოლდ ტრაფორდზე” ფიქრობენ, რომ “რეალში” დე ხეას ჩაშლილი ტრანსფერი კლუბებს შორის ურთიერთობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
წყარო პარალელს ავლებს 2008 წელთან, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს გადასვლას გამორიცხავდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მაინც გაუშვეს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დავიდ დე ხეას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი იანვარში ესპანელ მეკარესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და შესაძლოა, იგი “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აგვისტოში “რეალმა” გარეტ ბეილი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა.