Marca: სუარესს „რეალთან“ მოლაპარაკებების დაწყება სურს, „ლივერპულს“ – არა
ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირება მადრიდის „რეალს“ სურს.
ესპანური გამოცემა „მარკა“ წერს, რომ თავად სუარესს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა „ლივერპულს“ მთავარი გოლეადორის გაშვება არ უნდა.
შეგახსენებთ, რომ სუარესმა შარშან მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გახანგრძლივა. ფეხბურთელს წლიური ჯამაგირი 10 მილიონ ევრომდე გაეზარდა. კონტრაქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 92 მილიონ ევროს უტოლდება.
„რეალი“ მზად არის, სუარესის სანაცვლოდ 90-დან 100 მილიონ ევრომდე გაიღოს.
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ერთ-ერთ შეხვედრაზე გუნდში სუარესის შესაძლო მოსვლის შესახებაც ესაუბრა.
„მარკას“ თანახმად, „სამეფო კლუბი“ მზად არის, ჯიბეზე ლაღად გაიკრას ხელი, თუმცა მადრიდში ისიც კარგად ესმით, რომ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული საქმე იქნება.
ბექა დოგრაშვილი