მბაპე კონტრაქტში “რეალში” გადასვლის პუნქტის ჩაწერას ითხოვს
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის მზადაა, მაგრამ შრომით ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის ჩაწერას ითხოვს. ფრანგი ფეხბურთელის სურვილია შრომით ხელშეკრულებაში იმ გამოსასყიდი თანხის ჩაწერა, რისი გადახდის შესაძლებლობაც მადრიდის “რეალს” ექნება.
საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგა კლუბებს კონტრაქტებში ფეხბურთელთა გამოსაყიდი თანხის ჩაწერას უკრძალავს. თუ მოთამაშესა და გუნდს შორის ასეთი შეთანხმება მაინც შედგება, კლუბი შესაძლოა, ლიგა 1-დან მოკვეთონ.
მადრიდის “რეალს” კილიან მბაპეს დამატება სურს და ამაზე მუშაობის გაგრძელებას მომდევნო სატრანსფერო პერიოდში აპირებს. ესპანურ გრანდში იმედოვნებენ, რომ მბაპე “პარი სენ-ჟერმენთან” აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.