ოფიციალურად: ლუის სუარესი „ლივერპულს“ ტოვებს
„ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბარსელონასთან“ შეთანხმება შედგა.
„ლივერპული“ ადასტურებს, რომ „ბარსელონასთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად, სუარესი კლუბს ტოვებს. მოთამაშეს ნება ეძლება, რომ აუცილებელი პროცედურები გაიაროს, რის შემდეგაც ის კატალონიური კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება. მადლობას ვუხდით ლუისს „ლივერპულის“ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების დახმარებისთვის. „ლივერპულის“ თითოეული წევრი სუარესს და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს“, – ნათქვამია „ლივერპულის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ურუგვაელი თავდამსხმელი „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის, რის შემდეგაც კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსამ“ ლუის სუარესის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გაიღო.