ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დიდი ჯგუფი ტოკიოში ჩავიდა და ოლიმპიურ სოფელში დაბინავდა. ქართველმა ოლიმპიელებმა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში შეუფერხებლად გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა, ჩააბარეს კოვიდ-ტესტიც, მაგრამ ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდნენ და დანიშნულების ადგილას დაგვიანებით, გამთენიისას მივიდნენ.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ოლიმპიადის სატრანსპორტო სამსახურმა დროულად ვერ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ოლიმპიურ სოფელში. ამის გამო, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებმა განმარტების მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტს მიმართეს. საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა. მათი თქმით, აეროპორტი მგზავრთა ნაკადებით გადატვირთული იყო, რასაც თან ტექნიკური ხარვეზები დაერთო და მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნის დელეგაციებსაც შეექმნათ.
საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, რომ ამ გაუგებრობის გამო სპორტსმენების დღის წესრიგი შეიცვალა.
„ძალოსნებმა დღის პირველ ნახევარში დანიშნული ვარჯიშის საღამოსთვის გადაიტანა გვთხოვეს, დაკორექტირდა სხვა სახეობების წარმომადგენელთა გეგმებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებმა უკვე ოლიმპიურ სოფელშიც ჩააბარეს კოვიდ-ტესტები და ასე გაგძელდება მთელი ოლიმპიადის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დაწესებულია საკმაოდ მკაცრი რეგულაციები, თუმცა ამისთვის ყველანი მზად ვართ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან თეიმურაზ ლეჟავასთან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს აღმოგვიჩინოს ყველა საჭირო დახმარება.
ქართველ სპორტსმენთაგან ოლიმპიურ სოფელში პირველი დაბინავდა სანდრო ბაზაძე, რომელიც თავის ფრანგ მწვრთნელთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. სანდრო უკვე შეუდგა ვარჯიშს, უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებაში კი 24 ივლისს უწევს გამოსვლა. იმავე დღეს იასპარეზებენ ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი. სავარაოდოდ, 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მანამდე კი, 23 ივლისს გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია. ჩვენი ორივე მედროშე – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე უკვე ტოკიოში არიან,” – ციტირებს ელგუჯა ბერიშვილის სიტყვებს სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი