“ოქროს ბურთი” რონალდუს საკუთრებაა
“ოქროს ბურთი” მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო, საერთო ჯამში კი – მისთვის ეს მესამე “ოქროს ბურთია”. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხმათა 37.66 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გავიდა (15.76%), მესამე კი მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი (15.72%) გახლავთ.
“ჩემს შვილს ვხედავ, ჩემს ოჯახსა და დედას ვხედავ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამ კონკურსში მხარი დამიჭირა: ჩემს მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის პრეზიდენტს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს დაუვიწყარი წელი. ამ ჯილდოს მოგება უნიკალური მიღწევაა. ასეთივე სულისკვეთებით მუშაობას გავაგრძელებ. მინდა, რომ მომავალშიც მოვიგო როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ტიტულები. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გავხდე, თუმცა ეს ახალ მსხვერპლს მოითხოვს”, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2014 წელს “რეალთან” ერთად ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. პორტუგალიელ ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” მანამდე 2008 და 2013 წლებში ჰქონდა მოგებული.